2/26/09

ლევან ჭოღოშვილის პერსონალური გამოფენა

      

ლევან ჭოღოშვილი 80 -იანი წლების მხატვართა თაობას მიეკუთვნება.
ხატავს თავისუფლად, თითქოს ქაოტურადაც კი. ერთ ტილოზე სხვადასხვა ტექნიკას უხამებს ერთმანეთს, სიბრტყეზე განფენილი ნახატები საკმაოდ სახასიათოა და მიუხედავად წერის თანამედროვე მანერისა ნახატი დამაჯერებლად გადმოსცემს სიძველის ეფექტს. გამოფენაზე წარმოდგენილი პორტრეტები გამომსახველობით ხასიათდება და გეჩვენება, თითქოს კუთხურობის ნიშნითაც კი არიან დაღდასმულნი, თუმცა ამ შემთხვევაში აღნიშნულ ეფექტს სამოსის დამახასიათებელი შტრიხები უფრო განაპირობებენ ალბათ(აფხაზეთის მთავართა, იმერეთის აზნაურთა თუ სხვათა). გაძლიერებული დეკორატიული საწყისის ფონზე მართალია სიუჟეტი ოდნავ უკანა პლანზე ინაცვლებს, მაგრამ საერთო ჯამში სათქმელი არ იკარგება.

ხოლო,თუ რისი თქმა სურს  მხატვარს , სჯობს თავად იხილოთ
გამოფენა მიმდინარეობს გალერეაში ”N გალერი & სანდრო ანთაძე” და 6 მარტამდე გაგრძელდება. 

     

2/25/09

XX საუკუნის არქიტექტურული მემკვიდრეობა საფრანგეთში



    

ასე ქვია გამოფენას, რომელიც გუშინ გაიხსნა თბილისის ისტორიის მუზეუმში(ქარვასლა),სადაც ალ.დიუმას ფრანგული კულტურის ცენტრმა და საფრანგეთის საელჩომ საქართველოს ეროვნული მუზეუმის ხელშეწყობით საფრანგეთის კულტურული მემკვიდრეობა წარმოადგინა. ნაჩვენები ძეგლები გარკვეული კატეგორიის მიხედვით იყო შერჩეული:აქ ნახავდით ნაკლებად დაცულ ნაგეგობებს, რომელთაც ამის საჭიროება ნადვილად აქვთ, იშვიათ ნაგებობებს, რომელნიც 20 საუკუნის მეორე ნახევარში შეიქმნა, და კიდევ ბევრ სხვა საინტერესო ძეგლს:სკოლებს, ბაღებს, რელიგიურ ნაგებობებს, მემორიალურ ადგილებს... რომელნიც იურიდიული სტატუსით სარგებლობენ და ამასთანავე, დაკავშირებულნი არიან ცხოვრებისა და წარმოების (მაშინ) ახლებურ საშუალებებთან. გამოფენის პრესრელიზეში ვკითხულობთ :  ”მე-20 საუკუნის მემკვიდრეობა,არა მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის ბოლო არქეოლოგიური შრეა, არამედ ის ორმაგი შინაარსის მატარებელია,კულტურულის და სოციალურის. ის არის კოლექტიური აქცია,რომელიც გულისხმობს თანამედროვე სამყაროს ახალი თვალით დანახვას, თითოეული მოქალაქის ცხოვრების პირობების შესწავლას” ,სწორედ ამის ნათელი მაგალითია ლე კორბუზიე; ამას გარდა აქ ნახავთ ჟაკ ლე მემის, ჰექტორ გიმარის, ძმები პერეების და სხვათა ნამუშევრებს; ფერნან ლეჟეს მოზაიკას...

საგამოფენო დარბაში განთავსებული დაახლოებით ორი მეტრი სიმაღლის სტენდები ჯერ კიდევ ელიან დამთვალიერებელს

    

2/13/09

სიყვარულის ბარათები TBC ბანკში

ერთგვარი გადახვევა ჩვეული რეპერტუარიდან...

TBC ბანკი და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი აწყობს გამოფენას  ”სიყვარულის ბარათები”. წარმოდგენილი იქნება XVIII-XIX საუკუნეების ცნობილ ადამიანთა სასიყვარულო წერილები და პირადი ნივთები. მათ შორის არის: ილია ჭავჭავაძისა და ოლღა გურამიშვილის, კონსტანტინე გამსახურდიასა და რებეკა ვაშაძის, ივანე ჯავახიშვილისა და ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანისა და სხვათა სასიყვარულო ბარათები, ასევე XVIII-XIX საუკუნეების ეპისტოლეები.

გამოფენა ხორციელდება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციის ბაზაზე.

საღამოზე საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები სასიყვარულო წერილებს წაიკითხავენ.
საღამოს წარუძღვებიან მსახიობი მურმან ჯინორია და პოეტი რატი ამაღლობელი

გამოფენა გაიხსნება 19 თებერვალს 19 საათზე გაგრძელდება 26 თებერვლამდე

2/7/09

გალერეა ”კოპალა” - 4-26 თებერვალი


იდა ოცხელი

 l
ლულუ დადიანი

გალერეა”კოპალაში” მიმდინარეობს სამი მხატვრის:ლულუ დადიანის,იდა ოცხელის და რუსუდან ხანთაძე -ანდრონიკაშვილის ნამუშევრების გამოფენა.თითოეულ მხატვარს გამორჩეული,მისთვის დამახასიათებელი ხელწერა აქვს, რაც უდაოდ, დაინტერესებას იწვევს.

  
რუსუდან ხანთაძე-ანდრონიკაშვილი

2/4/09

ჩეხეთის მარგალიტები( 26იანვარი-8თებერვალი)

  

თბილისში , ქარვასლაში(საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისის ისტორიის მუზეუმი) ,ჩეხეთის საელჩომ წარმოადგინა გამოფენა სახელწოდებით ”ჩეხეთის მარგალიტები”. ჩვენება კონკრეტულ მოვლენას მიეძღვნა, კერძოდ კი- ჩეხეთის რესპუბლიკის თავჯდომარეობას ევროკავშირში. პოსტერების და მასზე წა(რ)წერილი საკვანძო ფრაზების მეშვეობით ასე თუ ისე ვეცნობით ჩეხ გამოჩენილ მოღვაწეებს და მათ ღვაწლს, იმ დამსახურებას რაც თავისი ქვეყნისა თუ მთელი მსოფლიოს წინაშე მიუძღვით. თუმცა, დამთვალიერებელს პოსტერების გვერდით გამოკრული ანოტაციებიდან გაცილებით მეტი ინფორმაციის მიღება შეუძლია, ასე რომ, თუ კითხვა არ გეზარებათ და პლაკატებისადმიც არ ხართ გულგრილი, საკმაოდ ინფორმატიული სანახაობა გელით...

   
სხვათა შორის, სიტყვა ”რობოტი”ც ჩეხურია(და კიდევ ბევრი რამ, რამაც გამაოცა) და პირველად ის(დღევანდელი მნიშვნელობით) 1920 წელს კარელ ჩაპეკს გამოუყენებია თავის მოთხრობაში , თვით სიტყვა კი მისმა ძმამ მოიფიქრა, უკეთ რომ ვთვქა,ჩეხეთის ფეოდალური ისტორიიდან აიღო, იქ რობოტი აღნიშნავდა იძულებით მუშაობას მემამულეზე. აი, მსგავსი სახალისო ისტორია ახლავს თან ყველა პოსტერს... :)


***


პარალელურად (მეორე დარბაზში)  მიმდინარეობს მხატვარ ირაკლი გოგიას პერსონალური ნამუშევრების გამოფენა. მანავის ღვინის კომპანიის კოლექციიდან წარმოდგენილია ხეში ნაკვეთი, უმეტესად ძველთბილისურ მოტივებზე აგებული სიუჟეტები

          

უილიამ ოსგუდ ფილდი -ფოტოგამოფენა ქარვასლაში



 


საქართველო ბევრჯერ ყოფილა არაერთი მკვლევარისა თუ მოგზაურის ყურადღების ცენტრში.ერთხელ აქ მოხვედრილნი, შემდგომ ყოველთვის აღფრთოვანებით იგონებდნენ და მიწიერ სამოთხედაც კი მოიხსენიებდნენ მას. თუნდაც დიუმა მამის მოგზაურობა გავიხსენოთ. მიუხედავად ასეთი პოპულარობისა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ამსახველი ფოტომასალა ძველი დროიდან ცოტა თუ შემოგვრჩა, ხოლო რაც შემოგვრჩა ძირითადად უცხოელი ფოტოგრაფების მიერ გადაღებული და იმასაც ნაკლები ყურადღება ექცევა..ცოტას თუ გაუგია , მაგალითად, ვიტორიო სელა(Vittorio Sella),მოგზაური(მთამსვლელი) და ფოტოგრაფი, რომელმაც სვანეთში 19 საუკუნის მიწურულს იმოგზაურა და საკმაოდ საინტერესო ფოტომასალაც დაგვიტოვა. დღეს კი ქარვასლაში(თბილისის ისტორიის მ უზეუმი) კიდევ ერთი უცხოელის, ამერიკელი უილიამ ოზგუდ ფილდის(William Osgood Field) (დაიბადა ნიუ-იორკში 1904 წ-ის 30 იანვარს) ნამუშევრების გამოფენაა, სახელწოდებით ”საქართველო 1929-1933 წლებში”. სადაც წარმოდგენილია ზემო სვანეთისა და ხევსურეთის ყოფის ამსახველი საკმაოდ მრავალრიცხოვანი და საინტერესო ფოტომასალა.დიდი ადგილი ეთმობა პეიზაჟს და ადგილობრივ პირთა პორტრეტებს(ასევე გადაღებული აქვს დოკუმენტური ფილმები).
ფილდი პროფესიით მყინვარების მკვლევარი იყო და უამრავი მწვერვალი დაულაშქრავს , თუმცა საქართველოს ბუნებით და ხალხით განსაკუთრებით აღფრთოვანებული ყოფილა. მისი სურვილი, ქართველ ხალხს ეხილა მისი შემოქმედება,დღეს ბატონ ირაკლი იაკობაშვილის დამსახურებით რეალობად იქცა.
(ფილდი 1994 წელს 90 წლის ასაკში გარდაიცვალა )

გამოფენა 30 იანვარს გაიხსნა და გაგრძელდება 8 თებერვლამდე
 
              
 

2/2/09

გიორგი გაგოშიძე-გალერეა ”ვერნისაჟი”

 




გამოფენა გაიხსნა 22 იანვარს და გაგრძელდება 12 თებერვლამდე

”ეს გიორგი გაგოშიძის მეორე პერსონალური გამოფენაა. 2007 წელს მხატვრის პირველ პერსონალურ გამოფენასაც გალერეა “ვერნისაჟმა” უმასპინძლა. წინამდებარე ექსპოზიციაზე სახელწოდებით “აბასთუმანი, აბასთუმანი ...” წარმოდგენილია მხატვრის 30 ფერწერული და ფოტონამუშევარი. აქ იხილავთ აბასთუმნის ხედებს მისი უნიკალური სახლებით, რომელთა უმრავლესობა, სამწუხაროდ, დანგრევის პირასაა მისული. ვერნისაჟზე წარმოდგენილი ტილოები და მხატვრის მიერ გადაღებული ფოტოები მნახველს საშუალებას აძლევს თავად აღმოაჩინოს კავშირი მხატვრის თვალით აღქმულ და დღევანდელ აბასთუმანს შორის”

ტექსტი აღებულია გალერეის მიერ წამორდგენილი პრესრელიზიდან

 

გოეთეს ინსტიტუტი წარმოგიდგენთ...



21 ინავარს გოეთეს ინსტიტუტში გაიხსნა გამოფენა , სადაც გერმანელი ახალგაზრდების ცხოვრების სტილის ამსახველი ფოტომასალა საკმაოდ არაორდინარული კუთხით არის მოწოდებული, 16 მეგადიმენზიონალურ მუსიკალურ კომპაქტ დისკებზე განთავსებული ფოტოები სასურველ ინფორმაციას აწვდის დამთვალიერებელს.
”გაინტერესებს, როგორ ცხოვრობენ გერმანელი ახალგაზრდები?
რას ფიქრობენ სკოლაზე,ცხოვრებაზე, მეგობრობასა და სიყვარულზე?
რას კითხულობენ, რა აინტერესებთ და როგორ ატარებენ თავისუფალ დროს?”-
თუ -კი, მაშინ ეწვიე გამოფენას, იცხოვრე ერთი დღე გერმანულ გარემოში...

პ.ს.გამოფენა, სავარაუდოდ , კიდევ ერთ კვირას გასტანს

   

შესავალი

ქართულ საგამოფენო სივრცეში არც თუ ისე ხშირია ჩვენებები, რომლებიც დასავლური (“დროს არ ჩამორჩენის”სინდრომის გამო) მიმდინარე ხელოვნების ადექვატური იქნებოდა, ამასთან, ქართულ რეალობას კარგად მორგებული და მაყურებელთა მიერ შესაბამისად აღქმული.
დაინტერესება, რომელსაც ამგვარი გამოფენები იწვევენ მინიმალურია და მყისიერი. შესაძლოა ეს იმ სტერეოტიპითაც იყოს განპირობებული, რომ ჩვენთან, თანამედროვე ხელოვნება რასაც ქვია, მსოფლიოს მასშტაბით თუ არა, წამყვანი ქვეყნების თვალთახედვიდან გამომდინარე მაინც, გვიან აღწევს (საუბარია ტექნიკურ საშუალებებზე და იდეურ კავშირებზე) და რაც აღწევს ისე “გადმოკატავდება” რომ გამოცლილია იმ შინაარსობრივი დატვრითვისა და ფუნქციურობისგან, რაც წესით და რიგით თან ახლავს ხოლმე ავანგარდული იდეების “მეორე მხარეს” და არა მხოლოდ ვიზუალურ ეფექტზეა დაფუძნებული. ანუ ნაკლებად ხდება იმ პრობლემათა “გახელოვნებიზაცია” რაც საზოგადოების უმეტეს ნაწილს ა(ღ)შფოთებს (ამასთან, ძირითადი აქცენტი მაინც ტრადიციულ (აკადემიურ) ხერხებსა და ხედვაზეა გადატანილი როგორც აღმქმელის ისე ხელოვანის მხრიდან). თუმცა აქაც საკითხს ერთგვაროვნად ვერ მივუდგებით, რა თქმა უნდა არის განსხვავებული ნაწილიც, მაგრამ ნაკლებად აღიარებული ფართო საზოგადოების მიერ (ვიმედოვნებთ, მხოლოდ ჯერ-ჯერობით).
ჩვენი მიზანია, დღეს-დღეობით არსებულ რეალობაში, მოქმედ აქტიურ (თუ არააქტიურ) ხელოვანთა შემოქმედების გაცნობა და საზოგადოების ყურამდე (და თვალამდე) მიტანა.
შეძლებისდაგვარად მიმოხილვა იმ მოვლენებისა რომელთაც საგამოფენო დარბაზები თუ სხავდასხვა გალერეები გვთავაზობენ. ხოლო არსებულ პრობლემატიკაზე მსჯელობა უკვე სხვა საკითხია ( თუ სურვილი და შესაძლებლობა იქნება მათ ცალკე ადგილი დაეთმობა)